ანანურის ციხე-სიმაგრე
თბილისიდან 70კმ-ის დაშორებითს საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობს საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი ულამაზესი ძეგლი ანანურის ციხე-სიმაგრე, რომელსაც მრავალი ბრძოლა და ომი აქვს გადატანილი.
ეს ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული, თუმცა მისი სტრატეგიული მდგომარეობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების შემდეგ(XVII-XVIIIსს) კიდევ უფრო გაიზარდა.
ეს სოფელი არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ მის შემადგენლობაში შესულა, შესაბამისად ანანურის ციხე-სიმაგრეც არაგველთა საერისთავოს შემადგენლობაში გადავიდა.
ანანურის ციხე-სიმაგრეს მართლაც, რომ უამრავი ტრაგედია აქვს გადატანილი, თუმცა 1739 წლის შანშე ქსნისა და არაგვის საერისთავოებს შორის დატრიალებული ტრაგედია ყველაზე შემზარავი გახლდათ. ამ ფაქტის შემდეგ ანანური არაგველთა საერისთავოს შემადგენლობაში დიდხანს აღარ ყოფილა, რადგან კახეთის გამგებელმა მეფე თეიმურაზ II-მ 1743 წელს არაგვის საერისთავო გააუქმა და ანანურის ციხე-სიმაგრე მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა.ამიერიდან იგი მეფის მიერ დანიშნულ მოხელეთა რეზიდენცია გახდა. შემდგომ წლებში ანანურის ციხეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. სამეფო ხელისუფლება მას სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებდა. მაგალითად, როდესაც ირანის ტახტის მაძიებელი შაჰზადა თეიმურაზსა და ერეკლეს ხელთ ჩაუვარდათ, მათ იგი ანანურში დაამწყვდიეს, შემდეგ კი ნადირ-შაჰს მიჰგვარეს.1786 წელს ანანური დაღესტნის ხანმა ომარმა ააოხრა. ამ დროს იგი მცირე "ქალაქი იყო" და იქ 100 კომლი ცხოვრობდა.
სავაჭრო გზების გასაყარზე მდებარეობამ განაპირობა ანანურში ვაჭრობის განვითარება. აქ სამეფო საბაჟოც ყოფილა. განვითარებული იყო მეჭურჭლეობა, მაუდის წარმოება. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აქ იყო სამეფო სამღებრო. 1802 წლის 6 აპრილს მიტროპოლიტი იოანე ანანურში შეეგება წმ. ნინოს ჯვარს, რომელიც ვახტანგ VI-ს ჰქონდა წაღებული რუსეთში და მეფე ალექსანდრე I-მა დაუბრუნა საქართველოს.
1803-1821 წლებში ანანური სამაზრო ცენტრი იყო. ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის მთელი სიმძიმე საქართველოს სამხედრო გზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას დააწვა. ერევანზე სალაშქროდ წამოსულმა გენერალმა ციციანოვმა1804 წელს ჯარი ჩაუყენა მოსახლეობას და სტეფანწმინდა-ანანურის გზის მონაკვეთი იძულებით გაასუფთავებინა. შრომის მძიმე პირობების გამო 23 კაცი დაიღუპა, რასაც მოჰყვა მაზრის აჯანყება. 1812 წელს კახეთის გლეხთა აჯანყებას ანანურის გლეხობაც შეუერთდა, რის გამოც რუსმა კოლონიზატორებმა ანანური გადაწვეს.
1811 წლიდან ანანური შტატგარეშე ქალაქს წარმოადგენდა
ანანურის კომპლექსი 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში
გამოყენებული ლიტერატურა







No comments:
Post a Comment